მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში არ შეუშვეს

მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღოლობიდან გათავისუფლებული მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო, მათივე ინფორმაციით, თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, მონასტერში არ შეუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, მათ მონასტრის ახალმა წინამძღვარმა განუმარტა, რომ ეს მიტროპოლიტ სტეფანეს კურთხევაა.

დედა სოსანა ამ წუთებშიც, კომენდანტის საათის დროს, მარტვილის დედათა მონასტრის კართან, თავსხმა წვიმაში დგას და დახმარებას ითხოვს. მონაზონი აცხადებს, რომ ეს მონასტერი მისი და იქ მსახური დედების ხელითაა აშენებული და აქედან წასვლას არ აპირებს.

კონკრეტულად, რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღოლობიდან მიტროპოლიტმა სტეფანემ გადააყენა. მაშინ მონაზონი ამბობდა, რომ ის მონასტერს არ დატოვებდა, თუ ამას პოლიციის ძალით არ აიძულებდნენ.