,,სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტის ჰედერ კონლის განცხადებით, ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ არ მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას. რეგიონი ძალიან არასტაბილურია ასეთი ქმედებებისთვის.
როგორც მან ,,ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესში აშშ-ის ელჩის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი.
მისივე თქმით, ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს საქართველოში და რომ ,,ჩვენ [დასავლეთი], ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ".
,,ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს ეწვია და დაიწყო ეს პროცესი. კრისტიან დანიელსონი, არაჩვეულებრივი დიპლომატია, რომელსაც ესმის და სურს, რომ შექმნას სიტუაცია, სადაც ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებზე წინ ქვეყანას დააყენებს.
ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს [საქართველოში]- რომ ჩვენ [დასავლეთი], ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ.
ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. ამერიკისა და ევროპის სარდლობა სრულ მზადყოფნაშია. ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა შეხვედრები ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებთან.
ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ არ მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას. რეგიონი ძალიან არასტაბილურია ასეთი ქმედებებისთვის. კიდევ ერთხელ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შანსი", - განაცხადა კონლიმ.
მისივე თქმით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე უნდა წავიდნენ და ,,მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა".
,,ვფიქრობ ეს [მოლაპარაკებების] სივრცე, ნამდვილად შემცირდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა არ მიიღეს ბატონი დანიელსონის მიერ ძალიან ფრთხილად წარმოდგენილი შეთავაზება, რომელიც ეხებოდა იმ საკითხებს, რაც ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, სწორედ ვადამდელი არჩევნები იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესია დაიკავონ ადგილები პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ რეფორმებისთვის. ვფიქრობ, ეს უფრო ნაყოფიერი გზა იქნება საქართველოს შეცვლისა და რეფორმირებისთვის.
მეორეს მხრივ, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ძლიერ რეფორმებს და ნება მისცეს საარჩევნო პროცესს, რომ გაგრძელდეს.
ორივე მხარე უნდა წავიდეს ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე. მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი ჰგონიათ მათ ეს ვაჭრობა.
ეს ყველაფერი რთული გასაკეთებელია. მედიატორები და ტრანსატლანტიკური საზოგადოება მზადაა საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ნაბიჯები საქართველომაც უნდა გადადგას", - განაცხადა ,,სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა.