"პირბადეების მწარმობელი საწარმოს თანამშრომლების დაინფიცირების მიუხედავად, პირბადეებიდან კორონავირუსის გადატანის რისკი ნულის ტოლია", - ამის შესახებ Europetime-ს ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განუცხადა.
როგორც ინფექციონისტი განმარტავს, ზოგადად ზედაპირიდან ვირუსის გავრცელების საფრთხებზე ადრე უფრო მეტი აჟიოტაჟი იყო. როგორც ბოლო დროს გაირკვა, ზედაპირიდან დაინფიცირების რისკი ნაკლებია, ვიდრე თავიდან ვიცოდით.
„იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა წერდნენ რომ 5-7 დღის მერეც დაფიქსირდა. ვირუსის გენეტიკური მასალის ნაგლეჯი შეიძლება სადღაც იყო, თუმცა ადამიანის დაინფიცირების უნარი შერჩენილი აღარ ჰქონდა.
რა თქმა უნდა ზედაპირებთან მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, 1-2 დღე რჩება ვირუსი, მაგრამ შემდეგ უკვე სუსტდება და საშიში აღარ არის. დასაწყისში ზედაპირებიდან გავრცელების საფრთხეებზე უფრო მეტი აჟიოტაჟი იყო, ბოლო დროის მონაცემებით, ასე არ აღმოჩნდა. მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ თანამშრომლები საწარმოში პირბადით იქნებოდნენ. გარდა ამისა, წარმოებული პირბადეები მომხმარებლამდე დაუყოვნებლივ არ მიდის. შეფუთვის შემდეგ, გარკვეულ გზას გადის, რასაც დრო სჭირდება და შანსი იმისა, რომ ვინმე აღნიშნულ საწარმოში წარმოებული პირბადით დაინფიცირდეს, ფაქტობრივად ნულის ტოლია.“, - განუცხადა Europetime-ს მაია ბუწაშვილმა.
საწარმო "აჭარა ტექსტილი", სადაც პირბადეებსაც აწარმოებდნენ დაიკეტა. მიზეზი COVID-19-ის გავრცელებაა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსი საწარმოს 88 თანამშრომელს დაუდასტურდა.