"როდესაც პირობით დათქმებს უწოდებ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება", - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია და ჩვენი ოპონენტები იმგვარად სვამენ საკითხს, თითქოს რაღაც სანქციებზეა საუბარი, რაც არის ტყუილი. როდესაც პირობით დათქმებს უწოდებ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარია პირობითობაზე და არა ევროკავშირის მხრიდან რაიმე კონკრეტულზე.
„ნამდვილად არ ვცდილობ, რომელიმე მათგანის დაკნინებას. პირიქით, გამოვხატავ მათ მიმართ პატივისცემას. მათ რიცხვს - 5,6-ია თუ 7 მნიშვნელობა არ აქვს. ერთ მათგანსაც კი რომ ასეთი აზრი გააჩნდეს, ეს საყურადღებოა. ეს არის ჩვენთვის მინიშნება, რომ ამ თემებზე მათთან კომუნიკაცია, საუბარი კიდევ უნდა გავაგრძელოთ. დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პირობითობა მათი მხრიდან იყო გახმოვანებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროკომისია ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა მდინარაძემ.