"ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ მათი სავარძლები. ბოიკოტი არ არის გამოსავალი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. [ "ფორმულას" სინქრონული თარგმანი].
"ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ მათი სავარძლები. მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არ არის გამოსავალი. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებზე და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ ჩემს სავარძელს, ფაქტობრივად, ვღალატობ ამომრჩეველს. რატომ მომცა მაშინ ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა?!
ჩვენ ვუჭერთ მხარს ოპოზიციას უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში. ეს არის ჩვენი სტრატეგია, მაგრამ ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი. ქუჩიდან მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარის თქმით, მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ მოაწერა დანიელსონის დოკუმენტს ხელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. როგორც მან აღნიშნა, ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, უნდა წავიდნენ დათმობებზე.
"ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა ბოიკოტი და ეუთოს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან - რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა. ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების წევრები შევლენ საქართველოს პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა. სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ფუჭი..
ვერ ვხვდები, რატომ არ მოწერა ხელისუფლებამ ხელი შეთანხმებას. მათი არგუმენტი, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა ხელი, ჩემთვის არ არის არგუმენტი. მათი ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი. მათ შეეძლოთ გამოეხატათ კეთილი ნება და ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი, ბევრი ცვლილება და კომპრომისი ავტომატურად შევიდოდა ძალაში. ორივე მხარემ უნდა დათმოს, წაიწიონ წინ. არა ჩემთვის, არა ჩემი პირადი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის, უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა"- განაცხადა ევროპარლამენტარმა.