ევროპარლამენტარი: მმართველ პარტიას ეკისრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია გვერდზე უნდა გადგეს

"ევროპარლამენტი არ დგება არცერთი პარტიის მხარეს და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა ერთად მიიღონ გადაწყვეტილება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხაელ გალერიმ "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, რათა ქვეყანამ წაიწიოს წინ.

„ევროპარლამენტი არ დგება არცერთი პარტიის მხარეს და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა ერთად მიიღონ გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობთ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებზე, გადაწყვეტის გზების მოძიებაზე, პოლიტიზებული მართლმსაჯულების თემაზე, ეს არის ის თემები, რომლებზეც კომპრომისზე წასვლა შესაძლებელია ორივე მხრიდან.

პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას მმართველმა პარტიამ და მათ ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია გვერდზე უნდა გადგეს და არაფერი მოიმოქმედოს. მმართველი პარტია თუ მოაწერს ხელს დოკუმენტს, ეს რაღაც ზეწოლას მოახდენს ოპოზიციაზე.

ისინი ფიქრობენ, რომ არიან სამიზნეები, მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როდესაც მოაწერენ ხელს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს, ოპოზიცია გადადგამს ნაბიჯს წინ. ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, რათა ქვეყანამ წაიწიოს წინ და მათ ერთად უნდა იზრუნონ საქართველოს მოქალაქეებზე. თითოეულ პარტიას უნდა, რომ ყველაფერი მიიღოს, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ასე არ ხდება და ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე“, - განაცხადა გალერმა.