რიონის ხეობაში "ენკას" ახალი დირექტორი ჩავიდა

რიონის ხეობაში თურქული კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

როგორც მერაბ ლომინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც „ნამახვანი ჰესი“ მოუტანს ქვეყანას და უშუალოდ ხეობას.

„ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან დღეს, როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს. მინდა, მოვინახულო ყველა სამშენებლო მოედანი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ პროექტზე და ყველა ძალიან დიდი იმედით შევცქერით ამ პროცესებს.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას ყველა იმ ადამიანთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტის და მისი მნიშვნელობის მიმართ. ნებისმიერ დროს მზად ვარ, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო. ყველას მოვუწოდებ, დისკუსიები დიალოგის ფორმატში გავმართოთ, პროფესიულად, ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე.

ჩვენ, როგორც კომპანიამ, სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივებს, რომლებიც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხრიდან გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პროექტის განხორციელებისათვის ჩვენ ხელთ არსებულ ყველა დასკვნასა და მასალას.

ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები, ეს იქნება კაშხლის მშენებლობა თუ სხვა, არ დაიწყება, ვიდრე არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს ქვეყანას და უშუალოდ ამ ხეობას“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

რიონის ხეობაში დისკუსია ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ "რიონის ხეობის მცველები" ჰესის მშენებლობას უკვე 160 დღეა აპროტესტებენ და ადგილზე ღამეს კარავში ათენებენ.