„ფასდაუდებელია ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი.ძალა მოგვცემოდეს მის დანატოვარზე ღირსეულად ზრუნვისათვის", - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთაწმინდის პანთეონში, ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა.
"ვუსამძიმრებ ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მის მიერ აღზრდილ სხვადასხვა თაობის შესანიშნავ ადამიანებს, რომლებიც დღეს გლოვაში არიან.ფასდაუდებელია ბატონი ანზორ ერქომაიშვილის წვლილი ქართულ კულტურაში.“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალეს. 1968 წლიდან ის იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.
გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“.