"ქვეყანაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, იმ წესების დაცვა სჭირდება, რომელსაც დარგის სპეციალისტები ყოველდღიურად გვახსენებენ და მაინც ვივიწყებთ', - ამის შესახებ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ დღეს , ყველას ერთად მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხე არსად წასულა.
"თუ თითოეული ჩვეთაგანი არ შევეცდებით, მოვიხმაროთ პირბადე, დავიცავთ ფიზიკურ დისტანცია და ჩავიტარებთ საჭირო დროს ვაქცინაცია, რისკის წინაშე დავაყენებთ, როგორც საკუთარ ისე სხვის ჯანმრთელობას და ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას. ვირუსის ზიანს თუ ჩვენს უპასუხისმგებლობას დავუმატებთ, სირთულე, რომელიც ზოგისთვის შესაძლოა სიცოცხლის რისკის ტოლფასი აღმოჩნდეს, გარდაუვალი იქნება", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. კომენდანტის საათის მიუხედავად, დემონსტრაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მუსიკალური აქცია პერფორმანის ფარგლებში, მომღერალი რობი კუხიანიძე პარლამენტის წინ საკუთარ სიმღერას ასრულებს.
დემონსტრანტების განცხადებით, ისინი ითხოვენ ყველა იმ ჯარიმის გაუქმებას, რომელიც კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით არის გამოწერილი.
მათივე თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური გზა არ არის და ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. მათივე თქმით, პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ე.წ. კომენდანტის საათს დაარღვევენ.