შიდა ქართლის შემდეგ, პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები გურიასა და სამეგრელოში გამოჩნდა

მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად რეგიონებში, სადაც ეპიდვითარება გაუარესდა, შეზღუდვების გამკაცრება გრძელდება. კასპის მუნიციპალიტეტის მსგავსად, დღეს საკონტროლო პუნქტი უკვე გურიაშიც გაიხსნა. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები გაიხსნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნული სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

რამდენიმე სოფელში თერმოსკრინინგთან ერთად გმასობრივი ტესტირება ტარდება, რომლის შედეგადაც დღეს გურიაში COVID-19-ის კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა შორის ორი მცირელოვანი ბავშვია. ისინი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს.

სკოლებსა და ბაღებში გურიის მსგავსად უკვე მეორე დღეა შეწყვეტილია სასწავლო პროცესი კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში. იქ დღეს კორონავირუსის კიდევ 11 შემთხვევა დადასტურდა. დასახლებებში თერმოსკრინინგი და მოსახლეობის აქტიური ტესტირება გრძელდება.

ცხელ წერტილად რჩება ფოთიც, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილი" დროებით დაიხურა. COVID-19 საწარმოში 70-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელი გახდება.