მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას წაიკითხა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მან რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება აუკრძალა.

„ბრძანება N 6 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი. ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედების უფლებების დაბრუნებისა. ხოლო რაც შეეხება მონაზონ ათინოგენს მისთვის მღვედმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე“,- განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანე კალიჯიშვილმა.