რომის პაპი ტრადიციული სააღდგომო მიმართვით „ურბი ეთ ორბი“ წარდგა.
რომის პაპმა Covid19-ის პანდემიასა და მის სავალალო შედეგებზე ისაუბრა. მათ შორის ვაქცინების ღარიბ ქვეყნებში გადანაწილებაზე, უმუშევრობაზე, სიღატაკესა და ახალგაზრდებზე, რომელთაც შეუწყდათ საგანმანათლებლო პროცესი და მოწყვეტილი არიან მეგობრებს.
მან ასევე ისაუბრა ეთიოპიაში, ლიბანში, სირიასა და იემენში დაუსრულებელ კონფლიქტებზე. აფრიკის კონტინენტზე გავრცელებულ ძალადობასა და ტერორიზმზე.
მიმართვაში პაპი ასევე შეეხო აღმოსავლეთ უკრაინისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების შედეგად ტყვედჩავარდნილთა სახლებში მშვიდობიანად დაბრუნების საკითხს.
„ვაქცინები ამ ბრძოლაში აუცილებელი ინსტრუმენტია. მე მოვუწოდებ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, გლობალური პასუხისმგებლობის სულისკვეთებით, აიღონ ვალდებულება ვაქცინების განაწილების შეფერხებებთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ მათ განაწილებას, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში“, – განაცხადა პაპმა.