დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები და პოლიციელთა სარეზერვო ჯგუფები ჩაერთვებიან

დღეიდან კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები და პოლიციელთა სარეზერვო ჯგუფები ჩაერთვებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი თანდათან ფართოვდება და ასევე იზრდება გეოგრაფიული მასშტაბიც.

„ორშაბათიდან ემატება რამდენიმე ჰოსპიტალი თბილისში, კიდევ დამატებით ხუთი ჰოსპიტალი. შაბათს ჩამოვიდა 100 000 დოზა დოზა ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“, რომელიც წარმატებით გამოიყენება დაახლოებით 40-მდე ქვეყანაში. ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და ამიტომ ის დასაწყობდა დაავადებათა კონტროლის საწყობში. მას შემდეგ, რაც აპრილის შუა რიცხვებში ის მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, ქვეყანაში დაიწყება ამ ვაქცინითაც აცრები

დღეიდან ასევე იქმნება პოლიციელთა სარეზერვო ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. იმუნიზაციის საკოორდინაციო საბჭომ ჩათვალა, რომ რადგან პოლიციელებს ყველაზე მეტი კონტაქტი აქვთ მოსახლეობასთან, ისინი იყვნენ სარეზერვო ჯგუფში და როდესაც ამა თუ იმ კლინიკაში ვერ ხორციელდება სულ მცირე ათი ადამიანის აცრა და დანაკარგის ალბათობაა, ამ სარეზერვო ჯგუფებიდან მოვიწვიოთ პოლიციელები, რომ ისინი იყვნენ აცრილები. რაც შეეხება ჯარს, იქ სხვა მხრივ განიხილება ეს საკითხი. მოგეხსენებათ, საქართველოს ჯარის გარკვეული ნაწილები მონაწილეობენ უცხოეთის სხვადასხვა მისიაში და ეს ჯარისკაცები იქნებიან აცრილები. ჯარი სარეზერვო ჯგუფში არ განიხილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.