საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს.
"ჩინეთის მთავრობა საქართველოს, ასევე გადასცემს უსასყიდლოდ SINOVAC-ის ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. მხედველობაში მაქვს თურქეთში დაახლოებით 15 მილიონი დოზა. დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა აზერბაიჯანში. წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებს აპრილის შუა რიცხვებში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, საქართველოში, ჩინური წარმოების SINOPHARM-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოვიდა.
როგორც დღეს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველო აქტიურად ეკონტაქტება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, თუ როდის გაივლის SINOPHARM-ის ვაქცინა ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს.
მინისტრის თქმით, SINOPHARM-ის ვაქცინით უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდობაზე კითხვები არ ისმის.