ჩინეთის ელჩი: მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში ჩინური ვაქცინების 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია

საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი იენის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო SINOPHARM-ის ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და მას ძალიან მცირე გვერდითი მოვლენები აქვს.

ელჩის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინების 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული და მის გამოყენებას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია.

"ეს ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით, ამიტომ, მას აქვს ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა. დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზაა ამ ვაქცინის გამოყენებული და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია ვაქცინაციას. ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ძალიან ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული. ვაქცინების მიმართ მოთხოვნა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან მაღალია, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია, ასეთ ვითარებაში ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინეთის მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა. როგორც იტყვიან, მეგობარი გასაჭირში იცნობაო.ჩინური მხარე ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს,"-განაცხადა ლი იენმა.

ჩინეთის ელჩის განცხადებით, ჩინეთში წარმოებული ვაქცინის ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მილიონზე მეტი დოზა. ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული.

"ჩინური მხარე იმდოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველი ხალხის სოცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი მზად არის, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერაშორისო თამამშრომლობა. მათ შორის ვაქცინების მიმართულებით, რათა ერთად შევუწყოთ ხელი საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის ჩამოყალიბებას. ვიმედოვნებ, ჩინური ვაქცინა საქართველოს „კოვიდ-19“-ის სწრაფად დამარცხებაში და სოციალური-ეკონომიკური კეთილდღეობის, განვითარებისა და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, – განაცხადა ლი იენიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, საქართველოში, ჩინური წარმოების SINOPHARM-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოვიდა. საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო აქტიურად ეკონტაქტება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, თუ როდის გაივლის SINOPHARM-ის ვაქცინა ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს.

ჯანმო-მ SINOPHARM-ის ვაქცინა აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს.