თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი დააკავეს

თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი მთავრობის კრიტიკის გამო დააპატიმრეს. ინფორმაციას ALJAZEERA ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც 4 აპრილს გადამდგარმა ადმირალებმა წერილი გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს თურქეთის მონტრეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

გადამდგარმა ადმირალებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „შეშფოთებით აკვირდებიან „სტამბოლის“ არხის შექმნის საკითხის განხილვას საერთაშორისო ხელშეკრულებების გაუქმების იურისდიქციის კონტექსტში“.

მათ მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტონ მონტრეს კონვენციიდან თურქეთის გასვლის შესაძლებლობის განხილვა. სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ საჭიროა ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის შენარჩუნება.