ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა

იერუსალიმში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.

იერუსალიმის საოლქო სასამართლოში კორუფციის საქმეზე მტკიცებულებების წარდგენის ეტაპი დაიწყო. სხდომას ესწრება თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრიც.

სასამართლო პროცესის გახსნის შემდეგ, თავის მოხსენებაში პროკურორმა ლიატ ბენ-არიმ თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ძალაუფლება პირადი სურვილების ხელშეწყობისთვის გამოიყენა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლოს წინაშე უკვე მესამედ წარდგა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მექრთამეობასთან, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებასთან.

ცნობისთვის, ეს ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრალს მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს უყენებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ საკუთარ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, უარყოფს რაიმე სახის დანაშაულს და აცხადებს, რომ ბრალდებები შეთითხნილია.

2020 წლის 28 იანვარს ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა იერუსალიმის სასამართლოს წარუდგინა.