თამარ გაბუნია: შესაძლოა ქვეყანა შეზღუდვების ძველ მენიუს დაუბრუნდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიური სიტუაცია უარესდება და თუ დადებითობის მაჩვენებელი ისევ გაიზრდება, შესაძლოა ქვეყანა, უკვე მოხსნილ შეზღუდვებს დაუბრუნდეს.

"თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და მობილობის შეზღუდვის მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დაიცავს მოსახლეობა წესებს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თუ გადასცდება დადებითობის მაჩვენებელი 2 პროცენტს, ჩარევა გახდება საჭირო. "ნებისმიერი მატება და ესკალაცია ეპიდემიური სურათის, არის ახალი ტალღის წინა პერიოდი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ბოლო 24 საათის მონაცმეებით, 24 592 ტესტიდან კორონავირუსის 897 ადამიანს დაუდგინდა, რაცდ 26 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 3,65%;ბოლო 7 დღის - 2,32%;ბოლო 14 დღის - 1,94 %.