შესაძლოა, სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალოს, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება

შესაძლოა, სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალოს, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა პრევენციული ღონისძიებების მიზნით მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ კვირაში დაახლოებით 20-მდე ობიექტში დარღვევები გამოვლინდა. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფორმალურად, ფართის მესაკუთრე იჯარის ხელშეკრულებით გადასცემს მესამე პირს ფართს ღონისძიების ორგანიზებისთვის. მედიის საშუალებით მოქალაქეებმა ნახეს, თუ რა ხდებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სადაც დაახლოებით 20-მდე ობიექტი დავაჯარიმეთ ღამის კლუბებისა და სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, ვინაიდან ამ გარემოებამ მეტად ფორმალური სახე მიიღო და ხშირ შემთხვევაში, წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა და სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით, მიმდინარეობს მსჯელობა და საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით, ფართის მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებაში მიუთითებს, რომ არ შეიძლება სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის ფართის გადაცემა და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას საზედამხედველო უწყებებს მიაწვდის.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.