რუმინეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რეზვან როტუნდუმ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, რის შემდეგაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შეახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზალკალიანმა რუმინელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
"შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს. განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ ორივე ქვეყნის მზაობას პარტნიორობის სტრატეგიულ ჭრილში გადაყვანის თაობაზე.
საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომლის გაძლიერებაზე პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც გამახვილდება ყურადღება. ამ კონტექსტში, შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით, ხაზი გაესვა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობას და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების აუცილებლობას.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ხაზი გაესვა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და საქართველოს მოლოდინებს. საუბარი შეეხო ნატო-ს ფარგლებში შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის აუცილებლობას, რეგიონში არსებულ გამოწვევებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიურ ინტერაქციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ელჩმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. რუმინელმა დიპლომატმა გამოხატა მზაობა ახალ პოსტზე საქმიანობისას, ორ მეგობარ ქვეყანას - საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ხელშეწყობის თაობაზე", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.