"კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
"მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ. 10 კლასტერია უკვე სხვადასხვა რეგიონში, რეალურად, შეიძლება მეტი იყოს, ჰოსპიტლები იტვირთება, 100 000 მოსახლეზე გავრცელების მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი იზრდება. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დიდია ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ სერიოზული შიდა გავრცელებაა დაწყებული,"-აცხადებს გამყრელიძე.
მისი თქმით, თუ მესამე ტალღა დაიწყება, ქვეყანაში სერიოზული დაზიანება იქნება. მისივე თქმით, ყველა იმ კლასტერის, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ინიცირება დიდი თავყრილობებიდან მოხდა.
"თუ მესამე ტალღა დაიწყო, ქვეყანაში სერიოზული დაზიანება გვექნება, სერიოზული დაზიანებით გამოვალთ ამ მესამე ტალღიდან. ყველას გვახსოვს ნოემბერი-დეკემბერი. იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც მეტია შემთხვევა, შესაბამისად, მეტია მძიმე მიმდინარეობა, მეტი ჰოსპიტალიზაცია, მეტი რეანიმაცია და, სამწუხაროდ, მეტი სიკვდილიანობა.
ჩვენ დღეს სიკვდილიანობა 5-6-ჯერ შევამცირეთ, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, მაგრამ ყოველდღიურად მაინც გვაქვს 10-მდე შემთხვევა. პატარა საქართველოსთვის ყოველდღიურად 10-მდე შემთხვევა მძიმეა, ამიტომ, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, დიდი სოლიდარობაა საჭირო ახლა ყველაფერში", - განაცხადა გამყრელიძემ.