CNN: კორონავირუსის ბრიტანული შტამი აშშ-ის ყველა შტატში გავრცელდა

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ბრიტანეთში აღმოაჩინეს და უფრო მეტად გადამდებია, აშშ-ის ყველა შტატში გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც CNN-ი წერს, ექსპერტები შეშფოთებულნი არიან, რომ ახალი ვარიანტის გავრცელებამ შეიძლება ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაზარდოს.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, ამერიკაში B.1.1.7 კორონავირუსის შტამის 15 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ის გაცილებით უფრო მომაკვდინებელია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ექსპერტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მინესოტის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორ მაიკლ ოსტერჰოლმის განცხადებით, ვაქცინა ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ საბრძოლველად საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა, მისივე თქმით, ცუდი ამბავი ის არის, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო ვაქცინის პრეპარატების იმდენად სწრაფად ადმინისტრირება, რომ COVID-19-ის მორიგი ტალღა თავიდან აიცილოს.