სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აგრეთვე სისხლისსამართებლივი დევნა შეწყდა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივნის იური ხაჩატუროვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სეირან ოგანიანისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის, არმენ გევორქიანის წინააღმდეგ.
მოსამართლე ანა დანიბეკიანმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და საკონსტიტუციო წესრიგის დამხობასთან დაკავშირებით აღძრული საქმე დახურა. სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ფაქტის არარსებობის გამო შეწყდა.
მოსამართლის განმარტებით, რობერტ ქოჩარიანისა და არმენ გევორქიანის წინაღმდეგ პროცესი სხვა ბრალდების საფუძველზე გაგრძელდება. ექს-პრეზიდენტს ასევე ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. სასამართლოს მომდევნო სხდომა 13 აპრილს გაიმართება.
სომხეთის ექს-პრეზიდენტი 2018 წელს დააკავეს. ქოჩარიანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში წაუყენეს ბრალი.
საქმე ეხება 2008 წელს, მარტში გამართულ აქციებს, რა დროსაც, ათი ადამიანი დაიღუპა, 250 კი, დაშავდა. აღნიშნული დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც იყო. 2020 წლის ივნისში ქოჩარიანი ოთხი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.