აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს.
,,მე თბილისში ვარ", - წერს მუხთარლი Facebook გვერდზე.
როგორც ცნობილია, ის თბილისამდე სტამბოლში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოსვლასა და მისი გაუჩინარების საქმეზე პროკურატურაში ჩვენების მიცემას რამდენიმე თვის წინ გეგმავდა, თუმცა საზღვრის გადმოკვეთა ვერ შეძლო. ქვეყანაში ჩამოსვლისთვის ხელის შეშლაში აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.
მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.