ენგურში დაღუპული სამი ადამიანიდან, ორი ახალგაზრდა ქალია

მდინარე ენგურის გადაცურვისას დაღუპული სამი ადამიანიდან ორი, 30 და 38 წლის ქალია. მესამე გარდაცვლილი 65 წლამდე ასაკის მამაკაცია. ამის შესახებ, ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელზე დაყრდნობით, ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გარდაცვლილები ზუგდიდის პროზექტურაში გადაასვენეს. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის ქმარს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული სოფელ თაგილონიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ შამგონაში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ, რადგან ენგურის ხიდი ჩაკეტილია და საოკუპაციო ძალები ადგილობრივებს, საქართველოს კონტროლირებას ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ.

სოფელ შამგონას მოსახლის თქმით, გალის რაიონიდან, მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პენსიის ასაღებად და მედიკამენტების საყიდლად გადმოდიან. ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო რთული სოციალური პრობლემების წინაშე რჩებიან და მდინარის გადმოლახვის მცდელობისას, საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ.

საგარეო უწყება: ენგურის ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება