ჯანმო: პანდემიის გამო, ევროპასა და აზიაში, დაბალანაზღაურებადი დასაქმებულების 70%-მა შემოსავალი დაკარგა

მსოფლიო ჯანდაცვიის ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის გამო, ევროპასა და აზიაში, დაბალანაზღაურებადი დასაქმებულების 70%-მა შემოსავალი დაკარგა.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისი, პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

“საქართველოში ქალები ექიმების უმრავლესობასა და ჯანდაცვის მუშაკთა 62%-ს შეადგენენ, რაც მათ კოვიდინფიცირების, სტრესისა და შფოთვის უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. მსოფლიო მასშტაბით, ქალები ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის მუშახელის 70% -ს შეადგენენ და უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი პანდემიასთან წინა ხაზზე იბრძოდნენ. გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ბოლოდროინდელი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები ქალ ჯანდაცვის მუშაკებში 2-3-ჯერ მეტია, მათ მამაკაც კოლეგებთან შედარებით. საქართველოში ქალები ექიმების უმრავლესობასა და ჯანდაცვის მუშაკთა 62%-ს შეადგენენ, რაც მათ კოვიდინფიცირების, სტრესისა და შფოთვის უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანმო-ს განცხადებით, სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა უზრუნველყონ ღირსეული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, რათა ყველას ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრებისა და განვითარების საშუალება.

”რატომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანზე, სხვებისგან განსხვავებით, COVID-19-მა კიდევ უფრო უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა? ამ ადამიანებს არ ჰქონდათ იგივე შესაძლებლობები სამუშაო ადგილების, საცხოვრებლის, თემის, სოციალური დახმარების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. დროა აღვადგინოთ სამართლიანობა, ჩვენ უნდა შევძლოთ პანდემიიდან გამოსვლა, მათი სიცოცხლის გადარჩენა და ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების გარანტიის მიცემა“ - განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ.

როგორც ჯანმო აღნიშნავს, საქართველოში პანდემიამ ბიძგი მისცა პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, რომლის მიზანია უთანასწორობის აღმოფხვრა ჯანდაცვის მუშაკთა აღჭურვით, დისტანციური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებითა და ფინანსური დაცვის გაუმჯობესებით.

„ამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა გამოხატა სურვილი გადახედოს სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების უკეთესი რეგულირება, ხარისხის უზრუნველყოფა და აუცილებელ მედიკამენტებზე უფრო სამართლიანი წვდომა. შედეგად, შესაძლებელია შემცირდეს ჯანდაცვასთან დაკავშირებული ჯიბიდან გადახდების წილი და მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ერთად აღებული ეს ინიციატივები ადასტურებს სწრაფვას საქართველოში სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებული უთანასწორობის შემცირებისკე.

COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაზე მიმართული ღონისძიებების შედეგები არათანაბრად ნაწილდება მოსახლეობაში, ამასთან დაბალ შემოსავლიან ჯგუფებში სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკი უფრო მაღალია. შეფასებების თანახმად, პანდემიის მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში არაფორმალურმად დაქირავებულმა მუშაკებმა, მათ შორის საწყობებისა და ქოლ-ცენტრების თანამშრომლებმა, შინა მოსამსახურეებმა, სეზონურმა მუშაკებმა და ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორებში დასაქმებულმა დაბალ ანაზღაურებადმა მუშაკებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაკარგეს შემოსავლის 70%.“, - აღნიშნულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს 7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანმო მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყაროს შესაქმნელად დააყენონ ინკლუზიურობისა და სამართლიანობის პრინციპები პანდემიით გამოწვეული შედეგების აღდგენითი ღონისძიებები სცენტრში.