ანდრიუს კუბილიუსი: ასე ვერ გაგრძელდება, საქართველო ან პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის

"ასე ვერ გაგრძელდება, საქართველო ან გადაწყვეტს საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების თანახმად, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ევროკავშირის ჩართულობა ასეთი კრიზისის გადაწყვეტისთვის, შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დონეზე, ყველაზე მეტია, რისი შემოთავაზებაც ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთვის ამგვარ კრიზისში. არ მახსოვს არც ერთი მსგავსი მაგალითი, სადაც რაიმე სახის მსგავს შიდა პოლიტიკურ კრიზისში ევროკავშირი ასეთი ჩართული ყოფილიყო.

ჩემი აზრით, პრობლემა ახლა საქართველოს შიგნითაა, პირველ რიგში, პოლიტიკური პარტიები ორივე მხარეს გარკვეული სახის პოლიტიკური ლიდერშიპის შიდა კრიზისს განიცდიან, რადგან პარტიებში არიან ფორმალური ლიდერები, მაგრამ ასევე არიან არაფორმალური ყოფილი ლიდერები, რომლებიც სინამდვილეში შორს არ არიან პარტიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისგან. ეს სიტუაციას ალბათ, უფრო ართულებს, რომ პოლიტიკურმა პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო კრიზისის დასამთავრებლად.

ასევე, მეორე, რასაც ვხედავ, და ესეც შეიძლება ისევ ამ პოლიტიკური ლიდერობის კრიზისის გამოა, ჩემი აზრით, ორივე პოლიტიკური ჯგუფის შიგნით გარკვეული სახის გაუგებრობაა იმაზე, თუ რა არის ევროკავშირის დამოკიდებულება ამ კრიზისის გადაწყვეტის მიმართ.

როგორც მესმის, ორივე მხარეს ზოგიერთი ფიქრობს, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს, და ამის გამო შეუძლიათ, ეს დამოკიდებულება საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენონ. ვფიქრობ, ამან გარკვეული მცდარი წარმოდგენა, გაუგებრობა შექმნა. ამიტომაც უნდა გამოვსულიყავით ძალიან მკაფიო მესიჯით - ეს ყველაფერი ასე ვერ გაგრძელდება: ან საქართველო გადაწყვეტს საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების თანახმად, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის, რადგან პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ვერ ახერხებენ კრიზისის გადაჭრას“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.