ვიოლა ფონ კრამონი: ვუთხარი ოპოზიციურ პარტიებს, თუ გარეთ დარჩებიან, უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე და გადაწყვეტენ ქუჩის რევოლუციებს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება

"ვუთხარი ოპოზიციურ პარტიებს, რომ თუ გარეთ დარჩებიან, უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე და გადაწყვეტენ ქუჩის რევოლუციებს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ოპოზიციამ არჩევნების ღამეს მიიღო გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ და ეს მიუღებელია.

"ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მომთმენები ვიყავით და პრინციპში, ეს განცხადება და ჩვენი იმედგაცრუების ახსნა, ცოტა დავაგვიანეთ კიდეც.

ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, ჩვენ გვჭირდება პარტნიორები საქართველოში, რომლებიც მზად იქნებიან, მიიღონ ჩვენი მხარდაჭერა და მზად იქნებიან, გააანალიზონ, რაც შევთავაზეთ ფინანსური მხარდაჭერის, კავშირების, პროექტების თვალსაზრისით და ა.შ.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ელოდება პოლიტიკური კრიზისის, არეულობის რაც შეიძლება მალე მოგვარებას.

მე არ ვიყავი ბედნიერი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტით პირველივე წუთებიდან. ისინი არც კი დაელოდნენ საბოლოო შედეგებს. არჩევნების ღამესვე გადაწყვიტეს ბოიკოტირება. ეს ჩემთვის მიუღებელია. პარტნიორები გვჭირდება პარლამენტში. სწორედ ეს ვუთხარი ოპოზიციურ პარტიებს, რომ თუ გარეთ დარჩებიან, უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე და გადაწყვეტენ ქუჩის რევოლუციებს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება. ვერ შევძლებთ ერთად მუშაობას, ვერ შევძლებთ დანიელსონის მიერ რეკომენდებული შეთანხმების იმპლემენტაციას.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია, ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორები, კოლეგები, პარლამენტის წევრები პარლამენტში და არა მის გარეთ. ჩვენი განცხადების ადრესატი ორივე მხარეა. ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თავისი საქმე სათანადოდ. მე ვთხოვე ოპოზიციას, რომ დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში და ბოლოს და ბოლოს დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ორგანოდან,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.