მარინა კალიურანდი: თუ შენ გინდა ცვლილებები და რეფორმები შენს ქვეყანაში, შენ უნდა იყო პარლამენტში

"თუ შენ გინდა ცვლილებები და რეფორმები შენს ქვეყანაში, შენ უნდა იყო პარლამენტში" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპრომისს ვერ შეათანხმებს ევროკავშირი, დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს და ქართველი პოლიტიკოსების სახელით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს, ეს უნდა გააკეთონ ქართველებმა.

"ჩვენ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ოდირის დასკვნას. ოდირი თავის ანგარიშში მკაფიო იყო. ორგანიზაციამ თქვა, რომ ადგილი ჰქონდა პრობლემებს, თუმცა მთლიანობაში არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იყო. ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. ხალხმა პოლიტიკურ ლიდერებს მანდატები მისცა. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკოსმა არ ისარგებლა ამ მანდატით. თუ შენ გინდა ცვლილებები და რეფორმები შენს ქვეყანაში, შენ უნდა იყო პარლამენტში. საკანონდებლო ორგანოს სჭირდება ოპოზიცია, ძლიერი ოპოზიცია. ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიული რეფორმებისკენ,"- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, "ევროპა დაიღალა" და ასე დაუსრულებლად ვერ შესთავაზებს საქართველოს მაღალი დონის ვიზიტებს.

"ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკური პრობლემა, ეს უფრო ფართო საკითხია და საქართველო-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობას ეხება, ტრანსატლანტიკური მისწრაფების მომავალს, ეს ეხება ქართველი ხალხის მომავალს. სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა.

ევროპარლამენტში და ევროპაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი არ არის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. მერწმუნეთ, ჩვენ ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს. მათ შორის მიგრაცია, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. ევროპა დაიღალა. ევროკავშირი ასე დაუსრულებლად ვერ შემოგთავაზებთ მაღალი დონის ვიზიტებს, მის მედიაციას, თქვენ არ უნდა გქონდეთ ამაზე მეტი ძალისხმევის მოლოდინი ვიდრე ახლა, ამ მომენტშია. ეს არის პრეზიდენტ შარლ მიშელი პერსონალური ძალისხმევა, უმაღლესი დონეა. ძალიან მნიშველოვანია, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, რა დონეზეა ევროპა ჩართული ამ პროცესში. რა ძალისხმევას დებს ევროპა, და ამის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება,"- აცხადებს მარინა კალიურანდი.