ნიკოლ ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება

მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი ფაქტორი ხდება.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო თქვენი პირადი წვლილი ჩვენს რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციაში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, თქვენთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად ჩვენი ერთობლივი განცხადების ხელმოწერის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული - ეს არის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებულების საკითხი. როგორც არაერთხელ განვიხილეთ, 9 ნოემბრის განცხადების თანახმად, მძევლები, სამხედრო ტყვეები და სხვა დაპატიმრებულები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, აზერბაიჯანში ჯერ კიდევ გვყავს დაკავებული პირები.

მოხარული ვარ, რომ ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თვალსაზრისის განხილვა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საკითხზე, რადგან, სამწუხაროდ, პრობლემა არ მოგვარებულა და ამაზეც უნდა ვისაუბროთ, განვიხილოთ ჩვენი შეხედულებები მომავლის შესახებ", - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

"მსურს განვიხილო სომხეთის რესპუბლიკაში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა”, - განაცხადა ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრისას.