დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

როგორც Europetime-ს მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა, მოსამართლე კვლავ ნინო ჩახნაშვილი იქნება.

,,8 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა საქმის არსებითი სხდომა, მეტი ჩვენთვის ცდნობილი არაფერი არ არის. მოსამართლე ისევ ქალბატონი ნინო ჩახნაშვილია.

დიდი ალბათობით, ამ პროცესზე განიხილება ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხის გადახედვა, ანუ დატოვებენ უკანონო პატიმრობაში, თუ გაათავისუფლებენ. ეს არის სტანდარტული პროცედურა კანონის მიერ", - განაცხადა კონდახაშილმა.

კითხვაზე, სხდომას დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია, ადვოკატმა Europetime-ს განუცხადა, რომ ის აპირებს მისი დაცვისქვეშ მყოფის სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააყენოს, რადგანაც მელიას პროცესებზე დასწრება აკრძალული აქვს.

,,ნიკა მელიასთან დაკავშირებით დავაყენებ შუამდგომლობას, რომ მიეცეს უფლება დაესწროს, ვინაიდან მას აკრძალული აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრება", - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, სასამართლომ გირაოს არგადახდის გამო, ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.