აფგან მუხთარლი: პროკურატურის იმედი არ მაქვს, ჩემს გატაცებაში მონაწილეობას ქართული მხარეც იღებდა

"საქართველოს პროკურატურისგან განსაკუთრებულად დიდი მოლოდინები არ მაქვს, რადგან ეს საქმე ჩაიდინა საქართველის მთავრობამ", - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლმა, რომელიც 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის დღეს პროკურატურაში მივა და ჩვენებას მისცემს, კერძოდ თუ როგორ მოხდა მისი გატაცება და რა გზით გაიყვანეს ის საქართველოდან.

"მე ვიცი, ვინ იყო ორგანიზატორი აზერბაიჯანული მხრიდან. ასევე ვიცი, რომ ქართულ მხარეზე ეს იყო ორგანიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სასაზღვრო სამსახურის და ლაგოდეხში მდებარე საბაჟო პუნქტის უფროსის მიერ. მე ვაჩვენებ გატაცების ადგილს, ასევე იმას, თუ რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში და საიდან გადამცეს. გზის ნახევარს მე ვხედავდი თავზე ჩამოცმული ტომრის ნახვრეტებიდან",- განაცხადა მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ გატაცებაში მონაწილეთა სახელები და გვარები არ იცის, თუმცა მათი ამოცნობა ფოტოებით შეუძლია.

„საქართველოს პროკურატურისგან განსაკუთრებულად დიდი მოლოდინები არ მაქვს, რადგან ეს საქმე ჩაიდინა საქართველის მთავრობამ, ამის შესახებ იცოდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, კვირიკაშვილი, ალბათ ამის შესახებ იცოდა ივანიშვილმა. ამიტომ, ქართული პროკურატურისგან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. თუმცა, ბოლომდე უნდა მივიდეთ, უნდა მივცე ჩვენება. იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოს პროკურატურას წლის განმავლობაში უნდა მოვეწვიე თბილისში, უნდა მოეთხოვა ჩემგან დანაშაულის ადგილის ჩვენება და ინტერვიუ ჩამოერთმია, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ. ციხეში ჩემი ყოფნისას საქართველოს პროკურატურა აცხადებდა, რომ ჩემთან შეხვედრას აზერბაიჯანული მხარე კრძალავდა. ახლა კი მე ერთ წელზე მეტია თავისუფალი ვარ. რამდენიმე თვის წინ თბილისში ჩამოსვლა მინდოდა, თუმცა ბერლინიდან არ შემომიშვეს. ეს გააკეთა ქართულმა ავიაკომპანიამ, როდესაც ჩემი ბილეთი გააუქმა და პრაქტიკულად საქართველოში არ შემიშვეს. ჩემმა ადვოკატებმა ამ საქმით ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართეს“, - განაცხადა მუხთარლიმ.

მისივე თქმით, ის საქართველოში 10-15 დღე დარჩება.