პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინის საკითხი NATO-ელ პარტნიორებთან განიხილა

აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, პენტაგონის წარმომადგენელმა NATO-ელ პარტნიორებთან ერთად უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა.

მოლაპარაკებების მონაწილეთა აზრით, რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციას, რომელიც მიღწეული იყო ეუთო-ს შუამავლობით 2020 წლის ივლისში.

აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ხელშეწყობა.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამანდა დორი, ასევე კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პენტაგონი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ქვეყნები არიან უკრაინის უსაფრთხოების მთავარი კონტრიბუტორები.