ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედების პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დაემატება

ალერგოლოგ იმულოგო ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედების პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დაემატება.

მისივე თქმით, ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს კითხვარის საშუალებით გარკვეული რისკ-ფაქტორი თუკი დაუდგინდება, მის აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ექიმი მიიღებს.

„ე.წ. ჩეკ-ლისტში, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ ასევე ცვლილებებს, სადაც რამდენიმე უფრო სიღრმისეული კითხვა იქნება, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ უკვე ცნობილ დაავადებებს ან სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებას შეეხება. ასეთი რამ თუ დაფიქსირდება, ექიმი გადაწყვეტს, გაუკეთოს აცრა ამ ადამიანს იმ დღეს, თუ გაუშვას სპეციალისტთან და შემდგომ ანალიზებით დაბრუნდეს უკან, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ იმუნიზაციის პროცესი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.