სახალხო დამცველი ,,ნამახვანჰესზე": პროცესს აკლია დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ,,ნამახვანჰესის“ პროცესს აკლია დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამის შესახებ ომბუდსმენმა „ნამახვანჰესის“ კასკადის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მან „რიონის ხეობის მცველებისგან“ ლეგიტიმური შეკითხვები მოისმინა, როგორც უშუალოდ ხელშეკრულებასთან, ასევე გარემოზე ზემოქმედების ანგარიშთან დაკავშირებით.

„დღეს სახეზე გვაქვს გარკვეული დაპირისპირების მცდელობები, თუ ინციდენტები, ამიტომ ვითარებას გამოიყვანს იმ ფორმატების შექმნა, სადაც საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ამომწურავი პასუხები იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რაც გააჩნიათ. რადიკალური განცხადებები ამ ადამიანებს ჩემთან საუბრის დროს არ გაუკეთებიათ, ისინი ითხოვენ დიალოგს და მათი პროტესტის მიზანი არის დიალოგი, იმიტომაც არ გადადიან რადიკალურ ფორმებზე, რომ მათ სურთ ხელისუფლებას დაუსვან ეს შეკითხვები და მიიღონ პასუხები. ძალიან სამწუხაროა, რომ იყო გაცხადებული პროცესში მინისტრის ჩართვის თაობაზე, თუმცა ეს ფორმატი არ შედგა. ეს ადამიანები მზად არიან უწყებების წარმომადგენლებთან შესახვედრად და ამ კითხვებზე პასუხებია მისაღებად. შეკითხვები აქვთ პრემიერ-მინისტრთან, რადგან სწორედ პრემიერი იყო ინიციატორი იმისა, რომ მინისტრს დაეწყო დიალოგი საზოგადოებასთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.