აფგან მუხთარლი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტმა განაცხადა, პროკურატურას არ სურს ამ საქმის გამოძიება, თუმცა მას სურს.

„გუშინ პროკურატურამ მოიყვანა ორი მთარგმნელი, თუმცა მათ იცოდნენ მხოლოდ თურქული ენა, არ იცოდნენ აზერბაიჯანული და ამ ენებს შორის დიდი განსხვავებაა. ამიტომ გამოკითხვაზე უარი განვაცხადეთ. გუშინდელ პროცესზე რაიმე სერიოზული კითხვები არ ყოფილა. გამოკითხვა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა, მკითხეს, სად მომიპარეს და როგორ დამესხნენ თავს საღამოს. პროკურატურიდან დაგვირეკეს, რომ ახალი მთარგმენლი იპოვეს, ჩვენც ჩვენი მხრიდან ვიპოვეთ და მოვიყვანეთ მთარგმნელი. მე მანამდეც ბერლინში მივეცი ჩვენება, სადაც დავასახელე ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია, გამშვები პუნქტის უფროსი თუ სხვა.

დღესაც მექნება მსგავსი ჩვენება. პროკურატურას არ სურს ამ საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, პროკურატურამაც და ყველამ იცის მე ვინც მომიპარა, ეს გააკეთა ხელისუფლებამ. გიორგი კვირიკაშვილს ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეეძლო, ის უბრალოდ ფიგურაა, ქვეყანას მართავს ივანიშვილი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბრძანება”, - აღნიშნა აფგან მუხთარლიმ.

მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ გამოკითხვის ეტაპზე მისი დაცვის ქვეშმყოფი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც პროკურატურის მხრიდან იქნება. ამასთან, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა.

ადვოკატის განცხადებით, ის ფაქტი, რომ გამოძიება ოთხი წელია მიმდინარეობს, გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

„როგორც დღეს შეგვატყობინეს, უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი. ამასთან, ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი მხრიდან ყოფილიყო თარჯიმანი. ეს ტექნიკური პრობლემა დღეს აღარ იქნება და შესაძლებელი იქნება გამოკითხვის დასრულება. გამოკითხვის ეტაპზე აფგანი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც პროკურატურის მხრიდან იქნება დასმული და აქვს ინფორმაცია. ასევე, აფგანი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, მიუთითოს იმ ადგილზე, სადაც მოხდა დანაშაული.

ის, რომ ოთხი წელია მიმდინარეობს გამოძიება, არ არის ჩვეულებრივი ამბავი და სწორედ ამიტომ არის ამხელა რეაქცია, ინტერესი და ამიტომ ვართ დღეს აქ“, - აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

აფგან მუხთარლი 7 აპრილს თბილისში დაბრუნდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.