"ღრმად დამწუხრებული ვარ გალის რაიონის ოთხი მკვიდრის გარდაცვალების გამო, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობისას დაიხრჩვნენ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს", - ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას საქართველოს ოთხი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ევროპარლამენტარი Twitter-ში განცხადებას აქვეყნებს.
"ეს უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც გამოიწვია გადაადგილების თვითნებურად დაბრკოლებამ, ასახავს იმ ტანჯვას, რომელსაც იტანენ ადგილობრივები, რომლებიც ადრე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, აგრეთვე, გამოხატავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას ოკუპირებულ რეგიონებში.
ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ - მოლაპარაკებებისა და დიპლომატის გზით.
რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, მან უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში“ - აღნიშნულია ევროპარლამენტარის განცხადებაში.