აშშ-ს საელჩო: ვგმობთ ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმის და ვანდალიზმის ფაქტს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს.

აღნიშული განცხადება საელჩომ დღეს გაავრცელა.

"ამ თავდასხმას ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ტელეკომპანია ფორმულას ორი თანამშრომლის განცხადებით, ქვემო ქართლში მდებარე სოფელ გამარჯვებაში, მათ თავს დაესხნენ და მზღოლს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს. მათივე თქმით, თავდამსხმელებმა ტელეკომპანიის მანქანას მინები ჩაუმსხვრიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქავმი, გამოძიება დაწყებულია ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, ხოლო ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მათ შეტყობინება არ მიუღიათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია "ფორმულას" მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია "ფორმულა" საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტელეკომპანია "ფორმულას" ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ