თეთრი სახლი: 2014 წლის შემდეგ რუსული ძალები უკრაინის საზღვარზე ყველაზე მეტია

თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ სულ უფრო შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ბოლოდროინდელი ესკალაციით, მათ შორის რუსული ჯარების უკრაინის საზღვართან გადაადგილების გამო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, აშშ ამ საკითხს NATO-ს წევრ ქვეყნებთან განიხილავს.

„რუსეთს უკრაინასთან საზღვარზე უფრო მეტი ჯარი ჰყავს, ვიდრე ოდესმე ჰყავდა 2014 წლიდან. მხოლოდ მიმდინარე კვირას ხუთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ეს ყველაფერი ღრმა შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

8 აპრილს ტელეკომპანია CNN-მა პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების ფონზე, აშშ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს.