სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალების შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ასი წლის განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალების შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ინიციატივის შესახენ უკვე გაეგზავნა წერილი მთავრობას, თბილისის მერიას და შესაბამის უეყებებს.

"დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მე მინდა ორი ინიციატივა წამოვაყენო, პირველი ინიციატივაა, ასი წლის თავზე შევქმნათ ერთგვარი ერთიანი მემორიალი, ერთიანი კი არა, მრავალი მემორიალები ვაკის პარკში. იმისთვის, რომ ყველა, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მათთვის იყოს ადგილი მიკუთვნილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლებს, რომ მათ პატივი მიაგოს; სადაც საშუალება გვექნება, ვასწავლოთ ახალგაზრდა თაობებს ასი წლის ბრძოლების ისტორია, სადაც უცხო სტუმრებს უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად.

რაც დღეს ხდებოდა ცხრა აპრილის მემორიალთან და ხდება, პრაქტიკულად, სამწუხაროდ, ყოველ წელს, არის მიუღებელი - ეს არაა ფორმა, რითაც უნდა ვაგებდეთ პატივს და ამიტომ უფრო შესატყვისი ადგილი და ფორმა უნდა მოინახოს ამისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის მეორე ინიციატივა, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატომიუმის გამოცხადებას ეხება.

"ინიციატივა, რომელიც დღევანდელ დღეს შეამჩვენებს და საჭიროა ყველასთვის, ეს არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მე მინდა ამ საშუალებით თქვენ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს აქ არ იმყოფებიან, გადავცეთ, მგონი დრო მოვიდა, მორატომიუმის გამოცხადების სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. თავი რომ შევიკავოთ ამისგან, მე მგონი, შეიცვლება ზოგადად ატმოსფერო და განწყობები ქვეყანაში. ჩვენ ვართ განწყობების ქვეყანა და განწყობა რომ შეიცვლება, სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს და მომავალს, ეს ყველას გაგვაძლიერებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.