თამარ გაბუნია: დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ არსებული შეზღუდვები, მათ შორის "კომენდანტის საათი" შევამსუბუქოთ

"ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არსებული შეზღუდვები, მათ შორის „კომენდანტის საათი“ შევამსუბუქოთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმატებს როგორც ინფიცირების შემთხვევები, ასევე დადებითობის მაჩვენებელი, "საყურადღებოა".

„შემთხვევები იმატებს და ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. 2%-ს გადავცდით, რაც რა თქმა უნდა, საყურადღებოა და ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება.

ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც იყენებს ევროპის ბევრი ქვეყანა და ჩვენზე უარესი რეგულაციებია იმ ქვეყნებში დაწესებული, რადგან უკიდურესად საჭიროა. ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, მაგრამ დღეს ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.