სახალხო დამცველი ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლების მიმართ თავდასხმების შესახებ ცნობებს ეხმიანება და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი. ამის შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა
"9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. მაუწყებლის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო მეორეს - ავტომანქანა დაუზიანეს. დაზარალებულები თავდასხმებს კრიტიკულ მედიასაშუალებაში საქმიანობას უკავშირებენ.
გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა. 25 თებერვალს ჟურნალისტური საქმიანობის გამო, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს ვახო სანაიას. მედიის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველი საკმაოდ ვრცლად საუბრობს თავის 2020 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში.
სახალხო დამცველი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული თავდასხმები. ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა", - ნათქვამია განცხადებაში.