NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობამ და საქართველოს დელეგაციის წევრებმა, საქართველო-NATO-ს საპარლამენტო საბჭოს (GNIC) ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ აღნიშნულია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, რეგიონში განვითარებული მოვლენები და NATO-სთან და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე განიხილეს საქართველოს აქტიური წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ აღნიშნული საპარლამენტო დალოგი მოკავშირე და ქართველ კანონმდებლებს შორის გაიმართა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მას შემდეგ რაც შუამავლობის კიდევ ერთი მცდელობა ჩაიშალა.
როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერალდ კონოლიმ განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება.
"ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობასა და ოპოზიციას, იმოქმედონ კონსტრუქციული სულისკვეთებით და კეთილსინდისიერად, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა განაგრძოს", - განაცხადა კონოლიმ.
როგორც კონოლიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, როგორც NATO-ში გაწევრიანების ძირითადი პირობა. კონოლიმ დაადასტურა ასამბლეის მუდმივი მზადყოფნა "ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე მხარი დაუჭიროს საქართველოს".
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ჯერალდ კონოლიმ "წინდაუხედავი და უპასუხისმგებლო" ქმედებები უწოდა.
მან ასევე, დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია და დაადასტურა ასამბლეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.