საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "კურიერს" დაუდასტურა, რომ 11 თვიანი პაუზის შემდეგ, კიევში ქართულ დიპლომატიურ მისიას კვლავ ეყოლება ხელმძღვანელი.
მინისტრი ამ ნაბიჯის მოტივად უკრაინაში შექმნილ სამხედრო დაძაბულობას ასახელებს და აცხადებს, რომ ის, რაც დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება, საქართველოსაც ეხება.
"ახლა იმის დროს არ არის, ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, რომ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დინამიკურად.
ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაზარალდა ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარი იყო, მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩვენს ნაბიჯს.
დადგა დრო, კიდევ უფრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს. პროცესები ძალიან გვაღელვებს. უკრაინის ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია ჩვენთან მიმდინარე ოკუპაციასთან," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.