სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში საძიებო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში, მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და მობილიზებულია დამატებითი ძალები.

„პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს ექვსი მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს რვა ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.

შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

ახალგაზრდა მამაკაცის საძიებო სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. მდინარე რიონზე სპეციალური ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.