განათლების სამინისტრო: ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 კლასი იმყოფება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება.

ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 კლასია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,4%-ს დაუდასტურდა.

ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით, 98 პედაგოგია.

„ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ როგორც მოსწავლეები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები სკოლებში სრულად დაცულები იყვნენ. იმ სკოლებში კი, სადაც ვირუსი ფიქსირდება, სკოლები პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ და სკოლის ადმინისტრაციის მიერ მყისიერად ხდება შენობის სრული დეზინფექცია“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში.