„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუმათჰესის დასახლებაში ავტომობილებით გზა გადაკეტეს.
როგორც ცნობილია, ისინი დაშლილი კარვების სხვა ადგილზე გადატანას ითხოვენ.
ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ გზას იმ შემთხვევაში გახსნიან, თუ მათ სოფელ ნამახვანში წასვლის საშუალებას მისცემენ, რათა საკუთარი ნივთები აიღონ და კარვები სხვა ლოკაციაზე გადაიტანონ. პარალელურად, სამართალდამცველები კარვებს შლიან სოფელ ნამახვანში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სოფელ ნამახვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება და საფრთხის თავიდან აცილების, აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.