ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში უკვე აცრილია 20 622 ადამიანი

"დღევანდელი მონაცმეებით, საქართველოში 20 622 ადამიანია აცრილი, დღიური მაჩვენებელი 1 200-ის ფარგლებშია, თუმცა მცირეა იმასთან შედარებით, რაც გვჭირდება", - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,თქმით, დღიურად, საჭიროა 3 000-დან 4 000-მდე აცრა.

„ 11 აპრილს აიცრა 928, კვირა იყო და ოდნავ დავარდნილია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საშუალო გვაქვს დაახლოებით, 1200-ის ფარგლებში. მოგეხსენებათ, გუშინწინ გვქონდა დაახლოებით 1 400, იმის წინ 1 500 და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ აცრის დღიური მაჩვენებელი 1 000-ზე მეტია, ეს მაინც მცირეა იმასთან მიმართებაში, რაც გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3 000-დან 4 000-მდე ყოველდღიური აცრა, რომ მარტ-აპრილში ქვეყანაში გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ. დაახლოებით 3 000-დან 4 000-მდე აცრა თუ გვექნა, მარტ-აპრილ-მაისში სადღაც 200 000-დან 300 ათასამდე ერთჯერადად აცრილი და დაახლოებით 50 000-მდე ორჯერადად აცრილი ადამიანი გვეყოლება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ამ სამ თვეში აცრის აღნიშნულ მაჩვენებელზე გავიდეთ. გასაგებია, რომ მასობრივი აცრები ჩვენთან დაიწყება, დიდი ალბათობით, ივლისში, როდესაც გვექნება შესაბამისი დოზები, სულ მცირე მარაგში ყოველთვის გვექნება ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინისა. მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ აუცილებელი რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ რომ ამ დროისთვის ქვეყანაში მოქალაქეებს Astra zeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინით ცრიან. შემოტანილია ჩინური ვაქცინათ, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ჩინური ვაქცინის გამოსაყენებლად, ელოდებიან თუ როდის დაამკიცებს ევროპის წამლების სააგენტო და ჯანმო ჩინურ ვაქცინას.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ შემდეგ ჯგუფებს: სამედიცინო პერსონას, 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს.