გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეების თქმით, სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვენ, რათა გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი. მათ სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს.
რიონის ხეობის მცველებს სურდათ ჰესის მიმართულებით გადასვლა, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მისცა პოლიციამ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, როდესაც აქციის მონაწილეები, მშვიდობიანად, ხელაწეულები მოძრაობდნენ.
"მოთხოვნა არის დავბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილზე. დღესაც, ხელებაწეული ვიყავით - გვინდა რომ პოლიციამ გაგვატაროს საკუთარ მიწაზე. მათ ჩვენი შეფერხების კანონიერი საფუძველი არ აქვთ. ვცდილობთ ახსნა-განმარტების მიღებას პოლიციისგან თუ რატომ არ გვიშვებენ და არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას. წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტებს გვეკრძალება მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება.
აქ ვინმეს ძალადობა რომ უნდოდეს, ამას ეს ხალხი ისე გააკეთებდა, რომ არავის ნებართვა არ დასჭირდებოდა. ეს დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ჩვენი მოქმედებები არის მშვიდობიანი. ვითხოვთ რომ გაგვიშვით, ნუ აქვთ ბლოკირებული მთელი ხეობა", - ამბობს გოლეთიანი.
გოლეთიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ, ენკას ოფისთან გადაინაცვლებენ და მოითხოვენ, რომ კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს.