ჯანმო: კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან

კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან, თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამტკიცებული ზომების მეშვეობით.

„ქაოსი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შეუთანხმებლობა იწვევს დაავადების გავრცელებას და ადამიანები კვდებიან“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც არ სურს, „მუდმივი კარანტინის რეჟიმები, თუმცა პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“.

„ჩვენც გვსურს ვიხილოთ საზოგადოებებისა და ეკონომიკების გახსნა, მოგზაურობისა და ვაჭრობის განახლება. მაგრამ ახლა, ბევრ ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ივსება და ხალხი იღუპება და ამის თავიდან აცილება შესაძლებელია.

კორონავირუსის პანდემია შორსაა დასრულებისგან, თუმცა ოპტიმიზმის უამრავი მიზეზი გვაქვს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებამ ცხადყო, რომ ამ ვირუსის და მისი ვარიანტების შეჩერება შეიძლება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.